Powered By Blogger

20120925

გუშინ, 
საღამოს, 
ფეხით მივდიოდი სახლისკენ. 
ავტობუსების გაჩერებასთან, 
ვიღაც მოხუცი ქალი, 
მოსაცდელის მინაზე ამოკვეთილ
სახარებისეულ ამონარიდებს ფურცელზე იწერდა.

ვიგრძენი,
რომ სადღაც იქვე იდგა,
ან სულაც ეს ჩამოძონძილი,
საცოდავი შესახედაობის მოხუცი იყო ღმერთი.

ვერ მივბრუნდი.

20120912

...


წვიმის სისველე ოთახში აღწევს,
არც დღეს ვაპირებ ძილს,
შენი გემო აქვს საბანს, სარეცელს,
ქუჩაში ისევ წვიმს...

მივყვები შენი კანის ქვაფენილს,
თმებზე წაქცევა მსურს
და  ვკრეფ შენს თვალებს თოკზე გაფენილს,
წამწამებს, ფიქრებს, სულს.

შენი ტუჩების სუნი მახელებს,
სუნთქვა ქარივით მხევს,
ვგრძნობ სიახლოვეს, მუხლებს, ბაგეებს,
გულზე დადებულ ხელს.

ჩემში ხარ,  ვნება დნება ბალიშზე,
ულექსო ფურცლებს ვწვავ,
შენი წყლიანი კოცნის გარეშე
უჰაეროა ცა,

წვიმის წვეთები მინდა დამეცეს,
არც დღეს ვაპირებ ძილს,
შენი გემო აქვს საბანს, სარეცელს -

ქუჩაში ისევ წვიმს...

20120618

მე და ჩვენი ჩახუტება

მე და ჩვენი ჩახუტება ცოდოები ვართ ერთმანეთის გარეშე. ცალკე ისიც მოწყენილია და მეც. 
ვიცი რომ არც იმას უნდა ჩემს გარეშე
ერთად რომ ვართ ორივე ვთბებით. მზის სხივებივით სიამოვნება სახეზე გვითამაშებს..
გაზაფხულზე იის ამოსვლას ჰგავს მისი მოსვლა, მისი სითბო კი ზაფხულის თბილ საღამოს მზის ჩასვლას..
იასამნის ყვავილის სუნივით ტკბილია და მათრობელი..
მისი სიყვარული კი.. სიყვარული იმ ბავშვსა ჰგავს თვალცრემლიანი დედის სითბოს რომ ელოდება


როცა შორს არის ღრუბლიანი ცასავით ყველაფერი ნაცრისფერი ხდება. ცრემლი კი ლოყებზე თავისით იკვლევს გზას.. 
თვალებს არც ეკითხება


ხომ ვამბობ ერთმანეთის გარეშე ცოდოები ვართქო..
 ეხლაც ამ სიტვებს მალაგებინებს თავში იმ მილიარდი სიტყვიდან, რომლებსაც ერთად უნდათ შენკენ გამოქცევა 


ყოველი გზა და ბილიკი შენი სახლისკენ მიმავალ გზას უერთდება.. 
ცოდოები ვართ ერთმანეთის გარეშე ..


მუდამ გვერდით მინდა მყავდეს.. პატარა ბავშვივით ხელით ვატარო.. 
ცოდოები ვართ უერთმანეთოდ !

20120525

...


სიზმარში გნახე, არ გიცნობდი მარა ისეთი თბილი იყავი მთელი სამყარო გამითბე,
სხეულში გგრძნობდი, გეფერებოდი, ვოცნობობდი შენზე
ეხლაც ვოცნებობ რო მყავდე
გვერდით დაგიწვენდი, მოგეფერებოდი, სულს მოგცემდი, ჩაგეხუტებოდი და ვიგრძნობდი რო არასოდეს ვიქნებოდი მარტო, 
არასოდეს გაგიშვებდი
სიკვდილის პირას შენი გვერდით დგომის იმედი მექნებოდა.
სულ ერთმა წამმა დამანახა რამხელა სიყვარული მექნება შენსადმი
ნეტავი მალე დაიბადებოდე

20120218

ოდესღაც დაწერილი და ჯერ არ დაპოსტილი პოსტი

მე რომ შეყვარებული ვიქნები, აააიი ამხელაზე გავშლი ხელებს და ჩავეხუტები ხოლმე.
მე რომ შეყვარებული ვიქნები დღეში ასიათასჯერ მომენატრება და მარტო ერთხელ მივწერ, რომ მომენატრა იმიტომ, რომ დანარჩენი ოთხმოცდაცხრამეტი ათასი მესიჯი არ მექნება.
მე რომ შეყვარებული ვიქნები, სხეულში მექნება ბევრი ენდორფინი და სახეზე ბევრი ღიმილი.
მე შეყვარებული მასზეც ვიქნები და საკუთარ თავზეც.
შეყვარებული ვიქნები ყველაზე ლამაზი და ყველაზე თბილი და ყველაზე გადასარევი გოგო მთელს მსოფლიოში.
მე რომ შეყვარებული ვიქნები ვიეჭვიანებ ყველაზე, ყველაფერზე, ყველგან და ყოველთვის. ოღონდ არასდროს გავუმხელ.
მე შეყვარებული აუცილებლად ძალიან მგრძნობიარე და სენტიმენტალური ვიქნები.
შეყვარებული ვიქნები შრომისუნარიანი მაგრამ ზარმაცი.
მე რომ შეყვარებული ვიქნები, მომინდება მყავდეს შვილი.
მე რომ შეყვარებული ვიქნები, ვერ დავწერ ვერაფერს.
მე შეყვარებული, ვივლი გამოშტერებული და დამეჯახება მანქანა ქუჩაში.
მე არ ვიქნები შეყვარებული.

20120126

მენანება

მენანება


გაუბედავი გრძნობა,
გადაუდგმელი ნაბიჯი,
დაუღამებელი დღე,
გაუღიმარი სახე,
დაუწერელი სიტყვა,


გაწარსულებული მომავალი
დამშრალი ფანტაზია,


უგულო საგულე
უყვავილო მიწა
უმზეო ცა


უნახატო ტილო


უნახავი მეგობარი
დავიწყებული წარსული,


წარსულად ქცეული მოგონება
ბავშობის დროინდელი ღიმილი
მოციმციმე თვალები


მივიწყებული რომანტიკა
ნაძალადევი ღიმილი


ერთმანეთისთვის უთქვამი უამრავი ფრაზა


მენანება


უშენოდ გავლილი ყოველი დღე  ..