Powered By Blogger

20120925

გუშინ, 
საღამოს, 
ფეხით მივდიოდი სახლისკენ. 
ავტობუსების გაჩერებასთან, 
ვიღაც მოხუცი ქალი, 
მოსაცდელის მინაზე ამოკვეთილ
სახარებისეულ ამონარიდებს ფურცელზე იწერდა.

ვიგრძენი,
რომ სადღაც იქვე იდგა,
ან სულაც ეს ჩამოძონძილი,
საცოდავი შესახედაობის მოხუცი იყო ღმერთი.

ვერ მივბრუნდი.

20120912

...


წვიმის სისველე ოთახში აღწევს,
არც დღეს ვაპირებ ძილს,
შენი გემო აქვს საბანს, სარეცელს,
ქუჩაში ისევ წვიმს...

მივყვები შენი კანის ქვაფენილს,
თმებზე წაქცევა მსურს
და  ვკრეფ შენს თვალებს თოკზე გაფენილს,
წამწამებს, ფიქრებს, სულს.

შენი ტუჩების სუნი მახელებს,
სუნთქვა ქარივით მხევს,
ვგრძნობ სიახლოვეს, მუხლებს, ბაგეებს,
გულზე დადებულ ხელს.

ჩემში ხარ,  ვნება დნება ბალიშზე,
ულექსო ფურცლებს ვწვავ,
შენი წყლიანი კოცნის გარეშე
უჰაეროა ცა,

წვიმის წვეთები მინდა დამეცეს,
არც დღეს ვაპირებ ძილს,
შენი გემო აქვს საბანს, სარეცელს -

ქუჩაში ისევ წვიმს...